← ყველა ფოტოგრაფი

ვასილ როინაშვილი

1879–1958

ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, ალექსანდრე როინაშვილის სტუდიაში რამდენიმე ახალგაზრდა სწავლობდა ფოტოგრაფიის ხელოვნებას. მათ შორის იყო მისი ბიძაშვილი, ვასილ როინაშვილი, რომელიც გამოირჩეოდა ხატვის ნიჭით და ეუფლებოდა ფოტოგრაფიის საფუძვლებს.

ვასილ როინაშვილი სწავლობდა ფერწერას და ფრანგულ ენას, ერთი წელი გაატარა სანქტ-პეტერბურგში, სამხატვრო აკადემიის მოსამზადებელ კურსებზე. 1898 წელს, ალექსანდრე როინაშვილის გარდაცვალების შემდეგ, მან სწავლა შეწყვიტა და თბილისში დაბრუნდა, სადაც ალექსანდრეს ფოტოსტუდიის გამგედ დაინიშნა. ერთი წლის შემდეგ მან დატოვა თბილისი, მუშაობდა სიღნაღში, ხოლო 1902 წელს სამუშაოდ ბუხარაში გაემგზავრა.

1905 წელს ვასილ როინაშვილი დაბრუნდა საქართველოში, დასახლდა თელავში, იქორწინა სოფიო ყაზახაშვილზე, ააშენა სახლი და პირველ სართულზე გახსნა ფოტოსტუდია. ეზოში გააშენა ბაღი, სადაც იღებდა პორტრეტებს. ის ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა და ცხოვრობდა თელავში.

მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დადგმულ კომპოზიციებს. ყველაზე ცნობილი ნამუშევარია „ქართული ოცნება ახდენილი“, სადაც ავტორი საკუთარ თავს ზეცაში გამოსახავს, ქართული სუფრის ატრიბუტებთან ერთად. შემორჩენილია მისი ადრეული ნახატებიც, განსაკუთრებით პორტრეტები, რომლებიც ხასიათის ზუსტ გადმოცემას გამოირჩევა.

ვასილ როინაშვილი მეგობრობდა კაკუცა ჩოლოყაშვილთან და 1918 წელს მონაწილეობდა სომხეთ-საქართველოს ომში. მოგვიანებით მან გადაიღო „ტყის ძმობის“ ცნობილი წევრები — ხარება და გოგია. მისი ფოტოებით თელავისა და კახეთის რამდენიმე თაობის სახეებია შემონახული.

ფოტოები