ქართული ოჯახური ჯგუფების გამოსახვას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. შუა საუკუნეების ფრესკებში ხობი, წალენჯიხა, **ნეკრესი**სა და სხვა ძეგლებში ხშირად გვხვდება ფრონტალურად განლაგებული, სიბრტყობრივად შესრულებული ოჯახური კომპოზიციები. ეს ტრადიცია გაგრძელდა XIX საუკუნის შუა ხანებშიც, რასაც ნიკოლოზ მუხრან-ბატონის ოჯახის მხატვრული ჯგუფური პორტრეტი მოწმობს, შესრულებული ქართული ფრესკული ხელოვნების ტრადიციით.
ფოტოგრაფიის გავრცელებამ შესაძლებელი გახადა მთელი ოჯახის ერთობლივი გადაღება. ტრადიციულად მჭიდრო ოჯახური კავშირების გამო, ოჯახური ფოტოგრაფია სწრაფად გახდა პოპულარული. ფრონტალურ ფოტოებზე ხშირად ასახულია ოჯახის რთული სტრუქტურა — მშობლებისა და შვილების გარდა, ნათესავები და უფროსი თაობის წარმომადგენლები.
მომხმარებლის სურვილით, არყოფნილი ოჯახის წევრები ზოგჯერ სხვა ფოტოების გამოყენებით ერთვებოდნენ ჯგუფურ პორტრეტში, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანები გარდაცვლილი ნათესავების ფოტოსთან ერთად იღებდნენ სურათს.
ამ პერიოდში ქართული არისტოკრატიის ნაწილმა ევროპული ცხოვრების წესი და ტანსაცმელი მიიღო, თუმცა ქართველი ქალების უმრავლესობა ტრადიციულ სამოსს ინარჩუნებდა. საქართველოში გავრცელებული იყო შერეული ქორწინებები, ხოლო სხვადასხვა კულტურის ურთიერთგავლენა ნათლად იკითხება ოჯახურ ფოტოგრაფიაში.
კურატორი: გიორგი გერსამია