საქართველოში პორტრეტის ტრადიცია XVIII საუკუნიდან იღებს სათავეს, როდესაც პორტრეტებს ძირითადად უმაღლესი არისტოკრატიისა და საეკლესიო წრეების წარმომადგენლები უკვეთავდნენ. XIX საუკუნის შუა ხანებიდან მათ შეუერთდნენ ვაჭრები და სახელმწიფო მოხელეები.
1840-იან წლებში დაგეროტიპების გავრცელებამ და ფოტოსალონების სწრაფმა ზრდამ მნიშვნელოვნად შეამცირა მხატვარ-პორტრეტისტების შეკვეთები. ბევრმა მათგანმა დაიწყო ფოტოგრაფებთან თანამშრომლობა — როგორც რეტუშიორმა, ფოტოების გამფერადებელმა ან ფოტოს მიხედვით შესრულებული პორტრეტების ავტორმა. ცნობილი მხატვარი ჰაკობ ჰოვნატანიანი, რომელსაც „ქართულ რაფაელსაც“ უწოდებდნენ, ტფილისი დატოვა და სპარსეთში გადავიდა, აღნიშნავდა რა, რომ ფოტოგრაფიის გავრცელებამ მხატვრის საქმიანობა არამომგებიანი გახადა.
ფოტოგრაფიული პორტრეტი სწრაფად იქცა პოპულარულ და მომგებიან საქმედ. ტფილისში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში წარმატებით ფუნქციონირებდა მრავალი ფოტოსალონი. ტექნიკური გაუმჯობესების შედეგად შემცირდა ექსპოზიციის დრო და გაიზარდა გამოსახულების ხარისხი, რამაც ფოტოგრაფებს მაღალი მხატვრული დონის პორტრეტების შექმნის შესაძლებლობა მისცა.
ქართველმა ფოტოგრაფებმა დაგვიტოვეს პორტრეტების ფართო მემკვიდრეობა, რომელიც ასახავს საზოგადო მოღვაწეებს, მწერლებს, ხელოვანებს და სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებს.
კურატორი: გიორგი გერსამია