დავით სარაჯიშვილის კოლექცია მოიცავს ფოტომასალას, რომელიც ასახავს XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მრეწველისა და ქველმოქმედის ცხოვრებასა და საზოგადოებრივ საქმიანობას.
დავით სარაჯიშვილმა (1848–1911) პირველი კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. 1871 წელს გერმანიაში, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, დაიცვა ქიმიის დოქტორის ხარისხი. მომდევნო წლებში სწავლობდა აგრონომიას, ხოლო 1878–1879 წლებში საფრანგეთში სპეციალიზაცია გაიარა მევენახეობა-მეღვინეობაში.
1888 წელს დავით სარაჯიშვილმა საქართველოში პირველად დაიწყო კონიაკის წარმოება. მისი საწარმოს პროდუქცია არაერთხელ დაჯილდოვდა საერთაშორისო გამოფენებზე.
სარაჯიშვილმა საწარმოში დანერგა მნიშვნელოვანი სოციალური სიახლეები: დააარსა ურთიერთდახმარების ფონდი, საკვირაო სკოლა და ბიბლიოთეკა, შემოიღო რვასაათიანი სამუშაო დღე და მუშათა დაზღვევა — რაც იმ დროისთვის პროგრესულ ნაბიჯს წარმოადგენდა.
იგი აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ხშირად აფინანსებდა თეატრებს, მუზეუმებს, გამომცემლობებს, უნივერსიტეტის მშენებლობასა და სტუდენტთა სტიპენდიებს. მისი მხარდაჭერით რუსეთში და საზღვარგარეთ განათლება მიიღეს ცნობილმა ქართველმა მოღვაწეებმა, მათ შორის კომპოზიტორებმა დიმიტრი არაყიშვილმა, მელიტონ ბალანჩივაძემ, ია კარგარეთელმა; მხატვრებმა გიგო გაბაშვილმა და მოსე თოიძემ; მოქანდაკემ იაკობ ნიკოლაძემ; მომღერალმა ვანო სარაჯიშვილმა და სხვებმა.
კოლექციაში წარმოდგენილი ფოტომასალა ნაწილობრივ ასახავს ამ გამორჩეული საზოგადო მოღვაწისა და მრეწველის ცხოვრებასა და საქმიანობას.
კურატორი: გიორგი გერსამია