დავით კაკაბაძე (1889–1952), ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართველი მხატვარი, ადრეული წლებიდანვე დაინტერესდა ფოტოგრაფიით. ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში მასზე დიდი გავლენა მოახდინა მოყვარულმა ფოტოგრაფმა ა. ლაბენსკიმ, რომლის ნამუშევრები იბეჭდებოდა რუსეთის ფოტოგრაფიულ ჟურნალებში და რომელმაც 1897 წელს, თბილისში გამართულ პირველ კავკასიურ ფოტოგამოფენაზე, ქების სიგელი დაიმსახურა.
დავით კაკაბაძის პირველი ფოტოსურათები სწორედ გიმნაზიის პერიოდს მიეკუთვნება და მოიცავს როგორც თავად კაკაბაძის — გიმნაზისტის — გამოსახულებებს, ასევე თანასოფლელთა პორტრეტებსა და ჯგუფურ ფოტოებს. ამ დროიდან მოყოლებული ფოტოაპარატი მას აღარ მოუშორებია. იგი იყო შესანიშნავი ფოტოგრაფი და ამავე დროს გამოიგონა სტერეოსკოპული კინოს სისტემა.
კაკაბაძის ფოტომემკვიდრეობაში განსაკუთრებით გამოირჩევა საქართველოს სხვადასხვა კუთხის არქიტექტურული ძეგლებისა და ეთნოგრაფიული სურათების სერიები, რომლებიც ქვეყნის კულტურული და სოციალური ისტორიის მნიშვნელოვან ვიზუალურ დოკუმენტაციას წარმოადგენს.